 მატჩის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ სტუმრები “მეთოფეებს” ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ვენგერის გუნდი სრულად ფლობდა ინიციატივას და კირკლენდს თამაშში ჩართვას ხშირად აიძულებდა. განსაკუთრებულად ვან პერსი აწუხებდა, რომელმაც საბოლოოდ, გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. ისევე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც “არსენალის” ერთ-ერთ მთავარ იარაღად სტანდარტული მდგომარეობები იქცა. მასპინძლებს “მოთელვისთვის” დაახლოებით ნახევარი ტაიმი დასჭირდათ, მორიგ კუთხურს კი ანგარიშის გახსნა მოჰყვა. ვან პერსიმ ზუსტად ჩააწოდა, ხოლო ვერმალენმა თავურით გაიტანა (1:0). ამას, ორი არარეალიზებული სუპერმომენტი მოჰყვა – ჯერ ებუე აღმოჩნდა ერთი-ერთზე მეკარესთან, მაგრამ ვერ გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს, “უიგანის” წარმომადგენლებს ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა არ გამოუვიდათ, რის გამოც, ვან პერსი და ედუარდო კირკლენდთან პირისპირ დარჩენენ. ამჯერად ჰოლანდიელი შეცდა. მეორე ტაიმი ისევ “მეთოფეთა” აქტიურობით დაიწყო, რასაც გოლი მოჰყვა: ვერმალენმა ებუე ჩამოიშორა და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით, ბურთი ცხრიანში გაგზავნა (2:0). ამის შემდეგ, თამაში უფრო მოსაწყენად მიმდინარეობდა, ხოლო ედუარდოსა და ფაბრეგასის გოლებმა მასპინძელთა უპირატესობას სტუმრებზე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, “უიგანი” ძალიან ცდილობდა პრესტიჟის გოლის გატანას. მარტინესის გუნდმა ეს მოახერხა კიდეც, როდესაც შარნერმა გამოიჩინა თავი... ოღონდ თამაშგარე მდგომარეობიდან. პაექრობის შემდეგ, კომენტარი გააკეთა “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა: “ბევრი გოლი გავიტანეთ და თავად არ გაგვიშვია. ძალიან მახარებს, რომ სამი დღის წინ ლიეჟში ჩატარებული რთული მატჩის შემდეგ, ასეთი კარგი თამაში ვაჩვენეთ. დღეს საასპარეზოდ შესაფერისი განწყობით გავედით მოედანზე. წინ ოპტიმიზმით ვიხედები, ხოლო დღევანდელ “არსენალში” არის რაღაც განსაკუთრებული. ვერმალენმა ორი დიდებული გოლი გაიტანა. ტომასს ჩინებული დარტყმა აქვს და მეტოქის კარის აღება შეუძლია”. 
|