
”არსენალი” წელს უცნაურად ასპარეზობს. გუნდს უკვე 5 მარცხი აქვს განცდილი, საშუალო პრემიერლიგურ კლუბებთან თამაში უჭირს, მაგრამ აგერ უკვე, ”მანჩესტერის” წაქცევას ”ჩელსის” დამარცხებაც მიაყოლა. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ არსენ ვენგერს ძლიერი გუნდი ჰყავს, მთავარი პრობლემა კი, არასტაბილურობაა. ფრანგმა სპეციალისტმა ”ჩელსის” სტუმრად 2:1 ძლევის შემდეგ აღნიშნა, რომ ამ მატჩში გამოჩენილი კონცენტრაცია სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს. - ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, რადგან წინამორბედ ორ მატში მოულოდნელი მარცხები ვიწვნიეთ და ”ჩელსისთანაც” რომ წაგვეგო, ლიდერთან ჩამორჩენა 13 ქულა გახდებოდა, რაც ნამეტანია. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს… ჩემი აზრით, ”ჩელსის” მაღალი ტემპის ხარჯზე ვაჯობეთ. მართალია ვაგებდით, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, ითამაშეთ ასევე სწრაფად მანამდე, სანამდეც შესაძლებელი იქნება-მეთქი… - რაც შეეხება უილიამ გალასს, ჩვენს შორის კონფლიქტი არ არის. ჩემი აზრით, მან შესანიშნავად, უბრალოდ, ბრწყინვალედ ითამაშა. რთული პერიოდი უილიამმა ღირსეულად გადაიტანა და მისი ერთგულება გასაოცარია. თანაც, ახლა, როცა 9 ფეხბურთელი ტრავმების გამო გვაკლია, ერთად ყოფნა აუცილებელია და გალასმა ეს იცის, - ამბობს ვენგერი.
|