|
ლონდონის “არსენალის” ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, თანამემამულე მცველ უილიამ გალასის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ვთვლი, რომ გალასის საქციელი პატივისცემას იმსახურებს. მან საკმაოდ რთულ ვითარებას თავი კარგად გაართვა და ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ ითამაშა” – აღნიშნა ვენგერმა ბრიტანულ პრესასთან საუბარში. ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში, “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის დროს ვენგერმა ფრანგი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში არ შეიყვანა და კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კიევის “დინამოსთან” მატჩში გალასმა ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მწვრთნელის აზრით, დაამტკიცა, რომ “სასტარტოში” ადგილს იმსახურებს.
|